|
| 2452 |
|---|
ქართული კომპანიები ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ
| საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენაში – VinExpo Bordeaux-2019, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო, ერთიანი სტენდით უკვე მესამედ მონაწილეობს აღნიშნულ გამოფენაში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ელენე კიკნაძის შეფასებით, აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, მოიძიონ სავაჭრო პარტნიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „ქართული ღვინო წელსაც ჯიშების მრავალფეროვნებით არის წარმოდგენილი ბორდოში, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას მთელს მსოფლიოში. ეს კი, საბოლოოდ აისახება ექსპორტის მოცულობაზე და შენარჩუნებულო იქნება ბოლო წლების მზარდი დინამიკა“ – აღნიშნა მან. მიმდინარე წელს გამოფენაზე პირველად არიან წარმოდგენილი ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები. სულ გამოფენაში მონაწილეობს ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია და ოთხი საოჯახო მარანი. ოთხდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინო ათასობით ადამიანმა დააგემოვნა, მათ შორის იყვნენ ღვინის პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სააგენტო აღნიშნავს, რომ გამოფენის სტუმრებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს ქვევრის ღვინო, მისი წარმოების ტრადიცია და კულტურა იწვევდა. საერთასორისო გამოფენაზე ქართულ სტენდს ცნობილი ბრიტანელი ღვინის მწერალი რობერტ ჯოზეფიც ესტუმრა, რომლის შეფასებითაც, აღნიშნული გამოფენა არის ღვინის წარსადგენად მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ადგილი. „ადამიანები ჩამოდიან ჩინეთიდან, ამერიკიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სასიამოვნოა ქართული სტენდის და ძალიან კარგი ქართული ღვინოების აქ ნახვა, იმის ხილვა, რომ ხალხი ეცნობა ქვევრის და არამხოლოდ ქვევრის, არამედ ისეთ ქართულ ღვინოს, როგორებიცაა ციცქა, ქისი, მწვანე, რქაწითელი და საფერავი. ვფიქრობ საქართველოსთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ძალიან კარგია, ეს წორედ ის ადგილია, სადაც ქართული ღვინო უნდა იყოს წარმოდგენილი“ – აღნიშნა რობერტ ჯოზეფმა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენა ღვინის ინდუსტრიაში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და მონაწილე ქვეყნების, წარდგენილი ღვინოებისა და ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში. წელს გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია მეღვინეებმა მსოფლიოს 35 ქვეყნიდან წარადგინეს, ხოლო ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს 150 ქვეყნიდან ესწრებიან. |

16-05-2019
წყარო: 1tv.ge
|
31-03-2019 „უახლოესი 6 წლისთვის ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, ქვეყანაში დამატებით, დაახლოებით, 100 000 ჰექტარი გასარწყავიანდება" |
|---|
|
03-04-2023 გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო |
|
29-03-2019 ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც თბილისში საცხოვრებელ სახლებთან ელექტროდამტენებს დაამონტაჟებს |
|
23-11-2021 რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, აგროტურიზმის პოპულარიზაციისა და საბაზრო კავშირების ხელშეწყობის მიზნით “აგროტურისტული ფესტივალი 2021” გაიმართება |