ნანა ამისულაშვილი - გადახდისუუნარობის შესახებ კანონპროექტი ბიზნესს რეაბილიტაციის შესაძლებლობას უზრდის
ნავიგატორი
1407


ნანა ამისულაშვილი - გადახდისუუნარობის შესახებ კანონპროექტი ბიზნესს რეაბილიტაციის შესაძლებლობას უზრდის

გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც გაკოტრების პროცედურების გამარტივებას ისახავს მიზნად, სახელმწიფოს როლის მნიშვნელოვან შემცირებას გულისხმობს, კანონპროექტში ჩადებულია სიახლე, რაც ბიზნესს რეაბილიტაციის შესაძლებლობას უზრდის, – ამის შესახებ პრაქტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე ნანა ამისულაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გაჭიანურების პრობლემა განიხილეს.

მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებით, რომელიც ბიზნესის გადახდისუუნარობის შემთხვევაში საკითხის დარეგულირებას აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართვით იწყებს, რომელიც კომპანიაში საკუთარ მეურვეს ნიშნავს, ახალ კანონპროექტს პროცესი პირდაპირ რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმში გადაჰყავს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტის ჩარევას ანულებს. გარდა ამისა, ჩნდება საკითხის დარეგულირების სრულიად ახალი, ევროპული ინსტიტუტი, რომელიც საქმის სასამართლოს გარეშე და კონკრეტულ ვადებში მოგვარების შესაძლებლობას აჩენს.

„ახლა პროცესი იწყება პირდაპირ რეაბილიტაციით, გაკოტრებით და კიდევ შემოგვაქვს სასამართლოს გარეთ რესტრუქტურიზაციის ახალი პროცედურა, რომლის დახვეწაზეც ევროკავშირში ახლა მსჯელობენ. ჩვენ უკვე შემოვიტანეთ აღნიშნული ინსტიტუტი, რომლის მიხედვითაც პრობლემურ კომპანიაში თავიდანვე კერძო მმართველი ინიშნება და სახელმწიფო აღარ შემოდის“, – განმარტა ამისულაშვილმა.

მისი თქმით, სასამართლოს გარეთ საკითხის დარეგულირება ფაქტობრივად ახალ პროფესიას აჩენს – გადახდისუუნარობის კერძო მმართველი, რომელიც კომპანიას გაკოტრებისა თუ რეაბილიტაციის რეჟიმში უხელმძღვანელებს.

„ეს ახალი პროფესიის ჩამოყალიბების ეტაპია. გადახდისუუნარობის მმართველის პროფესია, რომელსაც წარმოვადგენ, არის ჩამოყალიბების ფაზაში. გასული წლის ნოემბრიდან გვაქვს ასოციაცია, რადგან გადახდისუუნარობის მმართველი, არ აქვს მნიშვნელობა ეს რეაბილიტაციის მართვას გულისხმობს თუ გაკოტრებას, ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას ატარებს და შესაბამისი ცოდნითა და კვალიფიკაციით უნდა იყოს აღჭურვილი“,  – განაცხადა ამისულაშვილმა.

მისივე განმარტებით, კერძო მმართველის პირობებში, პრობლემურ კომპანიას სამი თვე ეძლევა, რომ კრედიტორებთან სასამართლოსა და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე მოილაპარაკოს და რეაბილიტაციის გეგმა დაამტკიცოს. აღნიშნულ პროცესში კი, სახელმწიფოს როლი სხვა კრედიტორებთან არის გათანაბრებული იმ შემთხვევაშიც, თუ ბიზნესს საგადასახადო დავალიანება აქვს.  სახელმწიფო ვერ შეაჩერებს რეაბილიტაციის გეგმას, თუ პრობლემური ბიზნესი ხუთი წლის განმავლობაში მის მიმართ არსებული საგადასახადო დავალიანების ძირ თანხას ფარავს. თუ ბიზნესმა რეაბილიტაციის გეგმა 12 თვეში ვერ დაამტკიცა, პროცესი ავტომატურად გაკოტრების რეჟიმში გადავა.

„კანონპროექტით ავტომატურად იკეტება ვადა და კომპანია გაკოტრების რეჟიმში გადადის, რაც მისთვის მოტივაციის მიმცემია, რათა სწრაფად შეათანხმოს რეაბილიტაციის გეგმა. გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, კომპანია აღარ მიიჩნევა გადახდისუუნაროდ. გეგმა არის ახალი შეთანხმება, რომლის დამტკიცების შემდეგაც კომპანია ჩვეულებრივ რეჟიმში გადადის და მასთან იგივე კრედიტორები თანამშრომლობენ“, – განაცხადა ამისულაშვილმა.

პრაქტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ  მოქმედი კანონმდებლობა ასე მკაფიოდ გაწერილ ვადებს არ გულისხმობს, რის გამოც რეაბილიტაციის გეგმა შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს. ახალი კანონპროექტი კი, რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების პირობებში პრობლემურ კომპანიას ახალი ფინანსური რესურსის მოზიდვის და რეალური რეაბილიტაციის საშუალებას აძლევს, რადგან კრედიტორთა ინტერესებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით იცავს.

ამასთან, ამისულაშვილის შეფასებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ბიზნესის ცნობიერების ამაღლება, რადგან გადახდისუუნაროდ ცნობასთან დაკავშირებით გარკვეული სტიგმა არსებობს, როცა აღნიშნული პროცესი შესაძლოა, ბიზნესის გადარჩენის შესაძლებლობა აღმოჩნდეს.

„ამ პროცესთან დაკავშირებით სტიგმა არსებობს. სანამ კანონპროექტის წერას დავიწყებდით, 2016 წლიდან კვლევებს ვაწარმოებდით და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ ბიზნესს გაგონებაც არ უნდა. ასეთი ტიპის რეგულაცია მათთვის მიუღებელია. სტიგმა უნდა მოვაშოროთ, რათა დავანახოთ ბიზნესს, რომ ეს შესაძლოა, მისი გადარჩენის პროცესი აღმოჩნდეს. ფინანსური პრობლემები შეიძლება, ნებისმიერ ბიზნესს წარმოეშვას. გადახდისუუნარობის საჯაროდ გამოცხადება არ არის სავალდებულო და მეორე – მენეჯმენტს სამი თვის განმავლობაში კომპანიაში დარჩენის საშუალებას ვაძლევთ, რომ მართოს ბიზნესი. ძალიან მოქნილი პროცედურებია – სამი თვე დაცული ხარ შეტევებისგან და მოილაპარაკეკრედიტორებთან“ – განმარტა ნანა ამისულაშვილმა.

29-05-2019

წყარო: 1tv.ge

13-03-2019

რის მშენებლობას გეგმავდა პარლამენტარი თაბორის მთაზე, რაზეც მერია არ თანხმდება

08-04-2019

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-მდე შეამცირა

31-05-2019

ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის სხდომა გაიმართა

11-04-2019

ცნობილია ევროპროდუქტების სია, რომელსაც აშშ დამატებით დაბეგრავს

11-04-2019

ცნობილია ევროპროდუქტების სია, რომელსაც აშშ დამატებით დაბეგრავს

13-03-2019

რის მშენებლობას გეგმავდა პარლამენტარი თაბორის მთაზე, რაზეც მერია არ თანხმდება

08-04-2019

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-მდე შეამცირა

31-05-2019

ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის სხდომა გაიმართა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ