|
3325 |
---|
30 ათასლარიანი მიკროგრანტების პროგრამა 5 ოქტომბერს დაიწყება
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების დასაფინანსებლად განაცხადებს 5 ოქტომბრიდან მიიღებს. პროგრამის ბიუჯეტი 10-დან 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს თბილისი დაემატა. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არადროს მიუღია ან პირველად მონაწილეობს მასში, ასევე, მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო ამ პროგრამით დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში განიხილება ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა.
წელს პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა 20%-ის ნაცვლად 10%-ია. დაფინანსების მიღებამდე მონაწილემ რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს: შეავსოს ონლაინ აპლიკაცია ვებგვერდზე www.enterprise.gov.ge; ბიზნესიდეების კონკურსის შედეგად მოხდება საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორების გამოვლენა და მათი დატრენინგება ბიზნესგეგმების წერაში. პოტენციური ბენეფიციარების ტრენინგს სააგენტო კონტრაქტორი ორგანიზაციების მეშვეობით 1-15 ნოემბრის პერიოდში გეგმავს, ბიზნესგეგმების მიღებას 1-დან 21 ნოემბრის ჩათვლით. ბიზნეს გეგმების შეფასება მოხდება 30 ნოემბრამდე, პოტენციურ ბენეფიციარებთან გასაუბრება 10 დეკემბრამდე შედგება. ბიზნესგეგმების კონკურსის შედეგად გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას. სააგენტო გრანტს 15 მარტამდე გასცემს. დაფინანსებული ბენეფიციარების ტრენინგი მაისში ჩატარდება.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესიდეების მიღება ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე, შემდეგ კი გაზაფხულზე უნდა დაეწყო. ამისათვის, სააგენტომ ტენდერის შედეგად ოთხი კონტრაქტორი კომპანიაც შეარჩია. ოთხივე ლოტზე იგივე კომპანიებთან გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც ამ პროგრამის ადმინისტრირებას 2015 წლიდან ახორციელებდნენ.
თავდაპირველად პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ყველა მომსახურება და კონსულტაცია ამ კომპანიებს უნდა განეხორციელებინათ, თუმცა 31 აგვისტოს სააგენტომ დამატებითი ტენდერები გამოაცხადა. ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციებისა და მომსახურებებისთვის თბილისში ტენდერი 831 820 ლარზეა გამოცხადებული; სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 508 022 ლარზე; იმერეთში-რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 448 844 ლარზე; კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში 582 544 ლარზე; აჭარა-გურია-სამეგრელო-ზემო სვანეთში 671 316 ლარზე. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და მისი მიზანია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება, რეგიონული ბიზნესის დივერსიფიკაცია, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ასევე, ეკონომიკური მიგრაციის შემცირება, ბინზესის წამოწყებისთვის ან/და არსებულის გადაიარაღებისთვის აუცილებელი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა. |
17-09-2020
წყარო: მთის ამბები
04-06-2019 2019 წლის საზაფხულო სკოლა |
---|
30-05-2019 დღეიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი გადაკეტილია |
02-05-2019 სემეკი: საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წარმოებას უსწრებს |
27-02-2019 31 მარტიდან, Air France საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს |