|
| 1629 |
|---|
ცქიტიშვილი: სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ანაკლიის პორტის თემაზე აქცენტი არ ნიშნავს, რომ აქ პრობლემა უნდა ვეძებოთ
| საქართველოს ვიცე-პრემიერის, ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობაში პრობლემებს ვერავინ იპოვის, რადგან ისინი უბრალოდ არ არსებობს. ამის შესახებ მინისტრმა TV პირველის ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა.
„როცა აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, აქ პრობლემებს ვერავინ იპოვის, რადგან უბრალოდ არ არსებობს. ეს არის ურთიერთობა, რომლის განვითარების დინამიკა არის თვალსაჩინო. ამაზე მეტყველებს მაღალი დონის ვიზიტები, შეხვედრები, მხარდამჭერი განცხადებები, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებას. ამიტომ, ამ მიმართულებით გამოთქმულ სკეპტიციზმს ვერ გავიზიარებ,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გზავნილებში ანაკლიის პორტის თემაზე აქცენტი არ ნიშნავს, რომ აქ პრობლემა უნდა ვეძებოთ.
„ისევე როგორც ნატოში ინტეგრაციაზეა ხაზგასმა და ჩვენს ჩართულობაზე საერთაშორისო მისიებში, სხვა მხარდამჭერი გზავნილები, სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს თემაც. ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში სხვადასხვა ეტაპზე იცვლება საკითხები და აქცენტები. მაშინ როცა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა მდგრადი და სტაბილურია, ეკონომიკური თანამშრომლობა შემდეგი ნაბიჯია და მისი განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესის საგანია,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი როგორც ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ისე რეგიონის უსაფრთხოების კუთხით და პირველ რიგში, ეს აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება.
ვიცე-პრემიერმა ფოთის პორტთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როცა ორი პორტის განვითარებაზეა საუბარი, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული ანაკლიის ნავსადგურის განვითარებაა.
„ამას ადასტურებს ის ფინანსური თუ სხვა სახის ვალდებულებები, რომელიც ჩვენ ავიღეთ და ვასრულებთ ანაკლიასთან მიმართებაში, როცა მსგავსი მიდგომა არ გვქონია სხვა პორტებთან. გარწმუნებთ, ამ პროექტით საერთაშორისო ბანკების დაინტერესებაც არ მომხდარა ჩვენი მონაწილეობის გარეშე. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს როლი ამ პროექტთან მიმართებით არის უპრეცედენტოდ მაღალი და ყოველგვარი ეჭვები უსაფუძვლოა", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. |

13-06-2019
წყარო: pia.ge
|
19-03-2019 „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობას ჰონგ-კონგის ბიზნეს დელეგაცია გაეცნო |
|---|
|
25-06-2019 იციკ მოშე: წელს, ისრაელიდან 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა, ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში |
|
02-05-2019 მარცვლეულის და შროტის ტრანსპორტირების ტარიფები 52%-ით შემცირდა |
|
16-12-2019 ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ქედის LAG ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილების და ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით |