ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000906 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

განაცხადის ბოლო ვადა
12.05.2021
საიტზე დამატებულია
13.04.2021

კონკურსის შესახებ:

"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი" (GIP) გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია "Polis180"-თან თანამშრომლობით აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში მცხოვრები (18-35 წლის) ახალგაზრდებისთვის, პროექტის "ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში" ფარგლებში.

პროექტი, რომელიც ფინანსურად მხარდაჭერილია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების ფორმირებასა და მხარდაჭერას. ასევე, მათი საჭიროებების გამოკვეთასა და ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობას.

კონკურსით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებში ისეთ თემებზე, როგორიცაა ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის მნიშვნელობა, პროექტის მართვა, ბიუჯეტის შედგენა და სხვა.

პროექტის დასასრულს (2021 წლის შემოდგომაზე), გრანტის მიმღები ჯგუფების თითო წარმომადგენელი გაემგზავრება სასწავლო ვიზიტით გერმანიაში (ბერლინში), სადაც ისინი შეხვდებიან პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ესტუმრებიან სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებს.

[შენიშვნა: გერმანიაში ვიზიტი დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე].

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს #GEOYOUTH2020 - "ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში" პროექტის გაგრძელებას, რომელიც განხორციელდა 2020 წელს და თავი მოუყარა 150-ზე მეტ ახალგაზრდას საქართველოს 8 რეგიონიდან, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს. მონაწილეებმა რეგიონული სამიტის ფარგლებში, იმსჯელეს ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ და წარმოადგინეს მათ მიერ შემუშავებული თითოეული პრობლემის გადაჭრის გზები. შემუშავებული მანიფესტი უცვლელად ასახავს ახალგაზრდების მსჯელობის შედეგებს და პრობლემათა მოგვარების მათეულ ხედვას.

საგრანტო კონკურსის ტექნიკური დეტალები

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა?

საგრანტო კონკურსი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს (18-35 წელი) მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღონ მონაწილეობა მცირე საინიციატივო ჯგუფების სახით (თითოეულ ჯგუფში მინიმუმ 3 მონაწილე). ნებისმიერ აქტიურ ახალგაზრდას, მათ შორის #GEOYOUTH2020-ის მონაწილეებმა და მათ, რომელთაც არ მიუღიათ მონაწილეობა გასული წლის სამიტებში, შეუძლიათ საკუთარი ინიციატივით დააკომპლექტონ პროექტის სამუშაო ჯგუფები (ქვეგრანტის შერჩეული პროექტის განხორციელების პერიოდია 2021 წლის 1 ივნისი - 15 სექტემბერი.

რა ფორმატის უნდა იყოს საგრანტო პროექტი?

პროექტით დაინტერესებულ საინიციატივო ჯგუფს ევალება, აირჩიოს მანიფესტში ჩამოთვლილი საკითხებიდან ერთ-ერთი, ყურადღებით გაეცნოს აღნიშნულ გამოწვევას და დაგეგმოს გარკვეულ გადაჭრის გზებზე მუშაობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. პროექტის საინიციატივო ჯგუფი თავისუფალია პროექტის ფორმატში (მაგალითისთვის იხილეთ გასული წლის პროექტების შემაჯამებელი ვიდეო მასალა).

მონაწილეებს შეუძლიათ, პროექტის განსახორციელებლად შეარჩიონ ახალგაზრდების პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებული ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემებიდან ერთ-ერთი:

** ადამიანური და ეკონომიკური რესურსების ნაკლებობა და ინფორმაციაზე დაბალი ხელმისაწვდომობა;
** გენდერული და ეთნიკური სტერეოტიპები;
** განათლების დაბალი დონე სხვადასხვა საფეხურზე და არაფორმალური განათლება;
** ინიციატივებისა და პლატფორმების ნაკლებობა ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობისთვის;
** ეთნიკური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულებები;
** პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობის დაბალი დონე/ნიჰილიზმი;
** პარტიების სტრუქტურაში ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობებისა და ახალგაზრდა ამომრჩევლებზე ორიენტირებული პოლიტიკის არარსებობა;
** პოლარიზებული/ჩაკეტილი პოლიტიკური გარემო;
** ნეპოტიზმი;
** სხვა (აპლიკანტთა ჯგუფს შეუძლია, წარმოადგინოს ადგილობრივ პოლიტიკაში ახალგაზრდულ მონაწილეობასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემატიკა, რომელსაც, შესაძლოა მანიფესტი ვერ ფარავდეს).

რა არის პროექტის ბიუჯეტი?

პროექტი ბიუჯეტი შეადგენს 600 ევროს ეკვივალენტი ლარში. პროექტის დასაწყისში გრანტის მიმღები განკარგავს 80%-ს, ხოლო ანგარიშის წარდგენის შემდეგ კი ის მიიღებს დარჩენილ 20%-ს. პროექტის გუნდს ევალება პროექტის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში წარმოადგინოს პროექტის წერილობითი და ფინანსური ანგარიში. პროექტის განხორციელების პროცესში GIP მონაწილეებს მიაწვდის მითითებებს ანგარიშის ფორმებთან დაკავშირებით.

როგორ მივიღო მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული საპროექტო განაცხადის ფორმა (იხ. დანართი) 2021 წლის 12 მაისის, 23:59 სთ-ის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტაზე geoyouth2021@gmail.com. გთხოვთ, subject-ის ველში მიუთითეთ - #GEOYOUTH2021_project proposal.

სულ შეირჩევა რვა საგრანტო პროექტი.


წყარო: http://jobs.ge