ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000641 დასრულებული

კონკურსი კვლევის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესარჩევად

წყარო: ციხის საერთაშორისო რეფორმა

განაცხადის ბოლო ვადა
17.02.2020
საიტზე დამატებულია
01.02.2020

კონკურსის შესახებ:

კონკურსი კვლევის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესარჩევად

კვლევის ჩატარების ვადა: 2020 წლის თებერვალი - აპრილი

მიმოხილვა:

ორგანიზაცია "ციხის საერთაშორისო რეფორმა - სამხრეთ კავკასიის ოფისი ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ახორციელებს პროექტს "სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით". პროექტის პარტნიორები არიან: "ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის" და "ადამიანის უფლებათა ცენტრი".

პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმებში, მათ შორის ადვოკატირების, პოლიტიკის შემუშავებაზე ზეგავლენისა მოხდენის, რეფორმის დასრულებული და მიმდინარე საფეხურების გადახედვის გზით. უფრო კონკრეტულად, პროექტის ფარგლებში იგეგმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის ანალიზი ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული რეფორმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის ხელშეწყობა.

პრობლემის აღწერა:

ბოლო პერიოდში, ყველაზე ხშირად პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას მიუთითებენ სისტემის შიგნით არსებულ სუბკულტურაზე და ადმინისტრაციის ფუნქციონირებისას მის ზეგავლენაზე. როგორც საქართველოს სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში (2018 წლის ანგარიში, გვ.45-46), ასევე წამების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომიტეტი (CPT) 2018 წლის ანგარიშში აღნიშნავს, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებს შორის ჩამოყალიბებულია არაფორმალური იერარქიები, სადაც არსებობენ პრივილეგირებული პატიმრები, რომლებსაც გავლენა აქვთ, როგორც სხვა პატიმრებზე, ასევე დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებაზე. გარდა ამისა, CPT-ს ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პენიტენციურ სისტემაში არსებული სუბკულტურა არის პატიმრებს შორის ძალადობის ერთ-ერთი მთავარი წყარო (CPT Report, 2018, par.51). ამ საკითხს, კიდევ ერთხელ შეეხო სახალხო დამცველი 2019 წლის სპეციალურ ანგარიშში, სადაც ვხედავთ უფრო მძიმე სურათს ამ მიმართულებით, განსაკუთრებით დიდი ზომის პენიტენციურ დაწესებულებებში.

მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ბოლომდე არ არის გააზრებული თუ რა ფენომენს წარმოადგენს კრიმინალური სუბკულტურის ეს ფორმა, რითი საზრდოობს ის და როგორ ინარჩუნებს გავლენას დაწესებულების ფუნქციონირებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს ითხვას - რა არის ამის გამომწვევი მიზეზი და მოხდეს ამ პრობლემის საფუძვლების იდენტიფიცირება. სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ბოლო სპეციალურ ანგარიშში (N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგთან დაკავშირებით) რეკომენდაციას აძლევს იუსტიციის სამინისტროს, შეიმუშავოს კრიმინალური სუბკულტურის დაძლევის სტრატეგია. თუმცა, ასეთი სახის სტრატეგია ვერ შემუშავდება, თუ არ გვეცოდინება რეალურად სუბკულტურის გავლენების გამომწვევი მიზეზები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია განხორციელდეს კრიმინალური სუბკულტურის ზეგავლენის კვლევა პენიტენციური დაწესებულების მართვაზე, იმ მიზნით, რომ შემდგომი ნაბიჯები დაემყაროს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს.

კვლევის მიზანი:

კვლევის მიზანს წარმოადგენს შესწავლილ იქნეს კრიმინალური სუბკულტურის ზეგავლენა პენიტენციური დაწესებულების მართვაზე და ზოგადად ინსტიტუციური კულტურის ჩამოყალიბებაზე.

აღნიშნული სამაგიდე კვლევის ჩატარების მიზნით ორგანიზაცია "ციხის საერთაშორისო რეფორმა" აცხადებს კონკურსს სფეროს ადგილობრივი კვლევის განმახორციელებელი ორგანიზაციის (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის) ჩართვაზე.

სამუშაოს აღწერა:

სამაგიდე კვლევის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შედარებითი ანალიზი; კვლევების/ანგარიშების მეორადი ანალიზი; სტატისტიკური/საჯარო ინფორმაციის ანალიზი; სხვა ქვეყნების საუკეთესო მაგალითების ანალიზი, ვინ მსგავსი ტიპის გამოწვევებს ეფექტურად უმკლავდება და კვლევის რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრას და სუბკულტურასთან ბრძოლის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის ჩამოყალიბებას.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, გთხოვთ, 2020 წლის 17 თებერვლამდე გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: egabelaia@penalreform.org

** კვლევის მეთოდოლოგია - კვლევის განხორციელების, მასალებისა და ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის მეთოდოლოგია (მაქსიმუმ 4 გვერდი)
** უშუალოდ კვლევაში ჩართული თანამშრომლის(ებ)ის რეზიუმე
** ორგანიზაციული პროფილი (მათ შორის, განხორციელებული მსგავსი კვლევების შესახებ ინფორმაცია)
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

კვლევის ჩატარებისთვის განკუთვნილი ანაზღაურება შეადგენს 6000 (დარიცხული) ევროს ექვივალენტს ლარში. ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსათვის გაიცემა გრანტის სახით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროექტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს:

ელენე გაბელაია
ელ-ფოსტა: egabelaia@penalreform.org
ტელ: +995 577 25 55 75


წყარო : http://jobs.ge