|
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა
|
უნიკალური ნომერი: 001248
კონკურსის შესახებ:
თუ ხართ დაინტერესებული ჩაის წარმოებით, სახელმწიფო გთავაზობთ თანადაფინანსებას გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის.
პროგრამის მიზნები
- საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის გამოყენება. ადგილობრივი და ბიო ჩაის წარმოების ხელშეწყობა.
- ჩაის ექსპორტის გაზრდა.
- კერძო და სახელმწიფო, გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია.
- ახალი სამუშაო ადგილების შექმა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროგრამის ზოგადი პირობები
კერძო და სახელმწიფო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის თანადაფინანსება.
პროგრამის მონაწილეებს (არა კოოპერატივებს) დაუფინანსდებათ რეაბილიტაციის ხარჯების 70%, მაქსიმიმუმ 2500 ლარის ფარგლებში 1 ჰექტარზე გაანგარიშებით.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ - ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90%, მაგრამ არაუმეტეს 3,000 ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით;
პროგრამის მონაწილეების ჩაის პლანტაციების ფართობი ან/და სახელმწიფოსგან იჯარით აღებული სარეაბილიტაციო ნაკვეთი უნდა იყოს მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 300 ჰექტარის ზომის.
რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოები
- ჩაის პლანტაციის გაწმენდა (ხეებისგან, მეტალის და ბეტონის ნარჩენებისგან, უცხო საგნებისგან);
- პლანტაციის მძიმე ან ნახევრადმძიმე გასხვლა;
- სადრენაჟე არხის მოწყობა (სადრენაჟე არხის მოწყობა შესაძლებელია პლანტაციის მძიმე ან ნახევრად მძიმე გასხვლამდეც);
- რიგთაშორის ნიადაგის დამუშავება/გაფხვიერება (ზედაპირული გაფხვიერება 15-20 სმ სიღრმეზე);
- პირველ წელს სასუქების და სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების (მათ შორის ბიო) შესყიდვა;
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია იხილეთ დანართის სახით
*შენიშვნა - ტერმინთა განმარტება.
საქართველოს მთავრობის დადგენილება
იურიდიული პირები (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა):
დაფინანსების პირობები
პროგრამის მონაწილეებს დაუფინანსდებათ საკუთრებაში ან/და მის მიერ იჯარის უფლებით მიღებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის* რეაბილიტაციის ხარჯების 70%. მაქსიმიმუმ 2500 ლარის ფარგლებში 1 ჰექტარზე გაანგარიშებით.
მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები
- პროგრამის მონაწილეებს საკუთრებაში არსებული ან/და პროგრამის ბენეფიციარის მიერ შერჩეული და სახელმწიფოსგან იჯარის უფლებით მისაღები სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცი(ებ)ის ფართობი არ უნდა შეადგენდეს 3 ჰა -ზე ნაკლებს და არ უნდა აღემატებოდეს 300 ჰა -ს;
- მონაწილეს უნდა შეეძლოს სარეაბილიტაციო ხარჯების მინიმუმ 30%_ის დაფარვა, რაც დადასტურებული უნდა იყოს ამონაწერით/ცნობით ბაკიდან ანგარიშზე თანხის არსებობის შესახებ;
- ხელშეკრულების გაფორმებისას მონაწილეს არ უნდა ქონდეს საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს აღრიცხული მოვალეთა რეესტრში.
- ჩაის პლანტაციაზე არ უნდა იყოს რეგისტრირებული იპოთეკა, ყადაღა, უზუფრუქტის უფლება ან ვალდებულება-სამართლებრივი შეზღუდვა;
მონაწილე ვალდებულია
- შეასრულოს წარმოდგენილი აგროტექნოლოგიური გეგმა* თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან* 36 თვის განმავლობაში;
- თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვის შემდგომ, მომდევნო 2 წლის მანძილზე ყოველწლიურად შეასრულოს საწარმოო გეგმის* არანაკლებ: 2,000 კგ ნედლი ფოთოლი 1 ჰა-ზე -; 1,000 კგ ნედლი ფოთოლი 1 ჰა-ზე, ბიო ჩაის მოყვანის შემთხვევაში;
- სახელმწიფოსგან იჯარით აღებული ჩაის პლანტაციის შემთხვევაში, 5 წელიწადში ერთხელ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" წარუდგინოს “ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს” დასკვნა ჩაის ყოველწლიურად მოყვანაზე.
- ვალდებულებების შერულების გარანტად, სააგენტოს სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთოს სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცია. ყოველივე ეს თანადაფინანსების მიღებამდე. თუ მონაწილეს არ გამოეყოფა სარეაბილიტაციო ფართობი (ახალი საკადასტრო კოდის მინიჭება), იპოთეკით დაიტვირთება მისი სრული პლანტაციის ფართობი (გაერთიანებული ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ). სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები:
დაფინანსების პირობები
დაფინანსდება კოოპერატივის საკუთრებაში ან სახელმწიფოსგან იჯარით მიღებული ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90%. არაუმეტეს 3,000 ლარის ოდენობით 1 ჰექტარზე დაანგარიშებით.
მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მეპაიეების საკუთრებაში არსებული პლანტაციების ფართობი უნდა იყოს მინიმუმ 3 ან მაქსიმუმ 300 ჰექტარი. სახელმწიფოსგან იჯარით მისაღები პლანტაციის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს კოოპერატივის მოთხოვნილ, მის ან/და მეპაიეთა საკუთრებაში არსებულ სარეაბილიტაციო ფართობს;
- კოოპერატივს უნდა შეეძლოს სარეაბილიტაციო ხარჯების მინიმუმ 10%_ის დაფარვა, რაც დადასტურებული უნდა იყოს ამონაწერით/ცნობით ბაკიდან ანგარიშზე თანხის არსებობის შესახებ;
- კოოპერატივს არ უნდა ქონდეს საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს აღრიცხული მოვალეთა რეესტრში;
- ჩაის პლანტაციაზე არ უნდა იყოს რეგისტრირებული იპოთეკა, ყადაღა, უზუფრუქტის უფლება ან ვალდებულება-სამართლებრივი შეზღუდვა;
ვალდებულებები
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ვალდებულია:
- შეასრულოს აგროტექნოლოგიური გეგმა თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან* 36 თვის განმავლობაში;
- თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვის შემდეგ, მომდევნო 2 წლის მანძილზე, ყოველწლიურად შეასრულოს საწარმოო გეგმის* არანაკლებ: 2,000 კგ ნედლი ფოთოლი 1 ჰა-ზე -; 1,000 კგ ნედლი ფოთოლი 1 ჰა-ზე, ბიო ჩაის მოყვანის შემთხვევაში;
- სახელმწიფოსგან იჯარით აღებული ჩაის პლანტაციის შემთხვევაში, 5 წეიწადში ერთხელ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" წარუდგინოს “ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს” დასკვნა ჩაის ყოველწლიურად მოყვანაზე.
- ვალდებულებების შერულების გარანტად, სააგენტოს სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთოს სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცია. ყოველივე ეს თანადაფინანსების მიღებამდე. თუ მონაწილეს არ გამოეყოფა სარეაბილიტაციო ფართობი (ახალი საკადასტრო კოდის მინიჭება), იპოთეკით დაიტვირთება მისი სრული პლანტაციის ფართობი (გაერთიანებული ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ). სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების იჯარით გადაცემის წესი და პირობები:
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცია, საქართველოს მთავრობის თანხმობით, აუქციონის გარეშე გაიცემა.
- იჯარის ვადა - 25 წელი
- იჯარის წლიური ღირებულება – 1 ჰა-ზე 50 ლარი;
- იჯარის ღირებულების გადახედვა შეიძლება გაფორმებიდან მეთხუთმეტე წელს, შემდეგ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.
- იჯარის მესამე პირზე გადაცემა შეიძლება სააგენტოსთან წინასწარი თანხმობით იმ პირობით, რომ ძველი მოიჯარის ვალდებულებებს სააგენტოსა და მეიჯარის წინაშე შეასრულებს ახალი მოიჯარე;
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის, იჯარით მისაღები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს უკვე საკუთრებაში არსებულ პლანტაციის ფართობს.
სახელმწიფოს კუთვნილი პლანტაციის იჯარით მიღებისთვის, მსურველი მიმართავს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" შესაბამისი განაცხადით, სააგენტოსთან გაფორმებული თანადაფინანსების პირობითი ხელშეკრულებითა და კომერციული ბანკის მიერ გაცემული, პროგრამის პირობების შესაბამისად სააგენტოს მიერ მეწარმე სუბიექტისთვის გასაწევი თანადაფინანსების 10%-ის ოდენობის, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიით.
სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში" წარსადგენი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება მონაწილის მიერ შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 68 თვით და უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- საბანკო გარანტია, მისი მოქმედების პირველი 4 თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას;
- საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს მონაწილის მიერ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი პირგასამტეხელოს გადახდას.
მეწარმის მიერ განაცხადის წარდგენიდან 1 თვეში, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოუცემლობის შემთხვევაში, საბანკო გარანტია უბრუნდება მეწარმეს.
საქართველოს მთავრობის მიერ სამართლებრივი აქტის მიღების შემთხვევაში, იჯარის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, მისი მიღებიდან 3 თვეში.
საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, თუ მეწარმე 3 თვეში, არ გააფორმებს ხელშეკრულებას, მაშინ მისი საგარანტიო თანხა სრულად ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სხვადასხვა მონაწილის მიერ, ერთსა და იმავე უძრავ ქონებაზე დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმას, ვინც უფრო ადრე წარადგინა დოკუმენტაცია სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში".
საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება იჯარის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თუ მოიჯარე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებელ პირობებს დაარღვევს, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მას გადახდილი თანხა და გაწეული დანახარჯები არ აუნაზღაურდება.
თანადაფინანსების მიღების ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
სააგენტოს თანადაფინანსების მიღების პროცედურა
- მსურველი შეარჩევს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, რომელზეც გაშენებულია სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცია.
- იმ შემთხვევაში თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სხვის ან სახელმწიფოს კუთვნილებაშია, იგი მიმართავს შპს „ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრს (ანასეული)“ (მიმართვის ფორმა). წარუდგენს მიწის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტაციას (ამონაწერი/ები საჯარო რეესტრიდან) და აგროტექნოლოგიურ გეგმას.
- პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის/შეუსაბამობის შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასცემს შესაბამის ცნობას.
- პოტენციური მონაწილე შეარჩევს სარეაბილიტაციო კომპანიას, რომელიც გაეცნობა პლანტაციის მდგომარეობას და შეადგენს სარეაბილიტაციოსამუშაოების ხარჯთაღრიცხვას.
- პოტენციური მონაწილე ჩამოტვირთავს განაცხადის ფორმას და წარმოადგენს სააგენტოში თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად: წარმოსადგენი დოკუმენტაცია.
- სააგენტო განიხილავს პოტენციური მონაწილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, რომლის პროგრამის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, განსაზღვრავს ვალდებულებებს, პოტენციურ მონაწილესთან ერთად შეადგენს სააგენტოს თანადაფინანსების სტრუქტურირების დოკუმენტს და გააფორმებს მონაწილის თანადაფინანსების ან პირობითი თანადაფინანსების ხელშეკრულებას.
შენიშვნა - პირობითი ხელშეკრულება ფორმდება იმ შემთხვევაში, როდესაც მონაწილე გეგმავს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის იჯარით მიღებას. პირობა შესრულებულად ითვლება იჯარის ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან.
მიწის ნაკვეთის იჯარით მიღების პროცედურა
- პროგრამაში მონაწილეობის მსურველი თანადაფინანსების პირობითი ხელშეკრულებითა და კომერციული ბანკის მიერ გაცემული, სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტისთვის გასაწევი თანადაფინანსების 10%-ის ოდენობის საბანკო გარანტიით მიმართავს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის თაობაზე;
- სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო" განიხილავს განაცხადს და გადაწყვეტილების შემთხვევაში, ერთი თვის ვადაში, განკარგულების პროექტს წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
- სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო" მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მსურველს უფორმებს იჯარის ხელშეკრულებას პროგრამით დადგენილი პირობებით.
- საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება იჯარის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
თანდართული ფაილი:
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: აგრო, სასამელი და საკვები პროდუქტები;
დამატებულია: 26-10-2022
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050 მიმდინარე
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9217 დღე;