ღია კარის საგრანტო პროგრამა
ნავიგატორი
13932


ღია კარის საგრანტო პროგრამა

უნიკალური ნომერი: 001329

კონკურსის შესახებ:

ღია კარის საგრანტო პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ საზოგადოების წინაშე არსებული მწვავე პრობლემები და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები. ღია კარის საგრანტო პროგრამის მეშვეობით ფონდი მუდმივად მზადაა, მიიღოს საპროექტო წინადადებები. პროგრამა ეფექტური საშუალებაა ახალი, ინოვაციური და საპილოტე პროექტების მხარდასაჭერად; ასევე, იმ პრობლემების საპასუხოდ, რომლებიც სწრაფ და დაუყოვნებლივ ინტერვენციას საჭიროებენ. წარმოდგენილი პროექტები მიზნად უნდა ისახავდნენ მდგრადი პოზიტიური ცვლილებების მიღწევას თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით. ღია კარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფონდის მიერ მხარდაჭერილმა პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში კარგი მმართველობის ჩამოყალიბებაში, სამოქალაქო ჩართულობის გააქტიურებასა და გრანტის მიმღები ორგანიზაციების ინსტიტუციურ განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ ღია კარის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადები კონკრეტული პრობლემის დაძლევის რეალისტურ გზებს უნდა წარმოაჩენდნენ და ამ პრობლემათა პრიორიტეტულობას სანდო მონაცემების საფუძველზე ასაბუთებდნენ. ამასთანავე, პროექტის მეთოდოლოგია ნათლად უნდა აღწერდეს სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმს, როგორც პრობლემის გამოვლენის, ისე გადაჭრის გზების მოძიებაში, ასევე მოქალაქეთა ინტერესების დაცვასა და ცვლილებების განხორციელებაში. პროექტს შედეგად უნდა მოჰყვეს კონკრეტული და გაზომვადი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და/ან ქცევითი ცვლილებები ადგილობრივ ან/და ცენტრალურ დონეზე.

ფონდის მიერ ბოლო წლებში დაფინანსებული პროექტების ანალიზმა აჩვენა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობის ბიუჯეტი საშუალოდ 50,000-65,000 ლარს შეადგენს, რაც, უმეტესწილად, საგრანტო პროექტის მიზნებისა და ამოცანების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. ევროპის ფონდი საპროექტო განაცხადის მომზადებისას განმცხადებლებს ამ გარემოების გათვალისწინებას ურჩევს.

საპროექტო განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მთელი წლის განმავლობაში. ფონდი ღია კარის პროგრამის ფარგლებში წარდგენილ განაცხადებს სისტემატიურად განიხილავს და განმცხადებლები პასუხს წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადის შეტანიდან ორი თვის განმავლობაში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებენ.

გაეცანით ინფორმაციას ფონდში განაცხადის წარმოდგენის პროცედურების შესახებ

მისიისა და მანდატების გათვალისწინებით, ფონდი არ აფინანსებს შემდეგ საქმიანობას:

  • ჰუმანიტარული ხასიათის პროექტებს (ჰუმანიტარული მხარდაჭერა სტიქიური უბედურებების, პანდემიებისა თუ შეიარაღებული კონფლიქტის გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობის დროს მოსახლეობის დახმარებას გულისხმობს და ბენეფიციარებისთვის პირველადი საჭიროებების – თავშესაფრის, საკვებისა თუ სოციალური სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს. როგორც წესი, ჰუმანიტარული მხარდაჭერა მოკლევადიანია და უშუალოდ დაზარალებული თემისკენაა მიმართული. საპირისპიროდ, განვითარებაზე ორიენტირებული დახმარება ისეთი სისტემური პრობლემების აღმოფხვრას ითვალისწინებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ, ინსტიტუციურ და სოციალურ განვითარებას აფერხებს. ამგვარი დახმარება გრძელვადიანია და სოციალური სამართლიანობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და გარემოსდაცვითი მდგრადობის უზრუნველსაყოფად აქცენტს სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე აკეთებს. განვითარებაზე ორიენტირებული დახმარება შეიძლება ისეთ ღონისძიებებსაც მოიცავდეს, რომლებიც მიზნად თემის გაძლიერებას, საგანგებო სიტუაციებზე სათანადო რეაგირებასა და სტიქიური უბედურებების, პანდემიებისა თუ შეიარაღებული კონფლიქტისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგების თავიდან აცილებას ისახავს.)
  • პოლიტიკურ პარტიებს;
  • პარტიულ ან პოლიტიკური მიზნის მქონე პროექტებს (გარდა იმ გამონაკლისებისა, როდესაც პროექტი მოიცავს ადვოკატირებას საზოგადოებრივი სარგებლისთვის);
  • რელიგიურ საქმიანობას;
  • კომერციული მიზნით განხორციელებულ სამშენებლო პროექტებს;
  • პროექტის ავტორის სასამართლო დავებს, თუ ეს პირდაპირ არ არის დაკავშირებული პროექტის უპირველეს ამოცანებთან;
  • ნებისმიერი სახის სამხედრო აქტივობას;
  • მცირე სესხებს ბიზნესისათვის;
  • აკადემიურ ან ბაზრის კერძო კვლევებს;
  • სასწავლო სტიპენდიებსა და სამოგზაურო გრანტებს;
  • სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვას.


საპროექტო განაცხადების შესაფასებლად, ევროპის ფონდი შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს:

  • ღია კარის საგრანტო პროგრამის მიზნებთან და პირობებთან შესაბამისობა;
  • პროექტის მეთოდოლოგიის ეფექტურობა, მათ შორის, ინოვაციური, შედეგზე ორიენტირებული და შესრულებადი სამოქმედო გეგმის არსებობა, რომელიც მოიაზრებს ადგილობრივი მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის გზების მოძიების პროცესში; მოსალოდნელი შედეგების მასშტაბი;
  • დასახული მიზნის მიღწევის პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობა;
  • რისკ ფაქტორების ანალიზი და მათი შემცირების ეფექტური გეგმა; გენდერული და უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი, პროექტის საქმიანობებსა და გადაწყვეტილების მიღებაში ქალებისა და მამაკაცების, ასევე უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლების თანაბარი ჩართულობისა და პროექტის შედეგებზე მათი თანაბარი წვდომის დასასაბუთებლად;
  • ორგანიზაციის შესაბამისი გამოცდილება, რაც გულისხმობს: ა) განმახორციელებელი გუნდის ან/და მოწვეული ექსპერტების კვალიფიკაციას; ბ) კონკრეტულ სფეროში პროექტების განხორციელების წარსულ გამოცდილებას; და გ) გრანტის მართვას;
  • ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობა;
  • პროექტის მდგრადობა (პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობასთან და შედეგებთან მიმართებით).


პროგრამებსა და დაფინანსებულ პროექტებში ევროპის ფონდი გენდერული თანასწორობისა და უმცირესობათა საკითხების გათვალისწინებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. შესაბამისად, განმცხადებლებს მოუწოდებს, პროგრამული დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში გაითვალისწინონ პროექტის პოტენციური გავლენა ქალებსა და მამაკაცებზე, ასევე უმცირესობათა ჯგუფებზე. იხილეთ ფონდის მიერ მომზადებული კითხვარები, რომლებიც პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში გენდერული და უმცირესობათა საკითხების გათვალისწინებაში დაგეხმარებათ.


წყარო: ევროპის ფონდი

დამატებულია: 20-01-2023

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050 მიმდინარე

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9217 დღე;






10-02-2023

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი

07-05-2022

დანერგე მომავალი

17-02-2023

ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა

06-08-2024

Grants for Events Funding Program

06-08-2024

Grants for Events Funding Program

10-02-2023

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი

07-05-2022

დანერგე მომავალი

17-02-2023

ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ